ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვეწინააღმდეგებით „ლესხულუხე ჰესის“ მშენებლობას.
აღნიშნული პროექტი სრულად გაანადგურებს წაჩხურის ულამაზეს, ბუნებრივი ლანდშაფტებით გამორჩეულ უმშვენიერეს ხეობას, ასევე, წაჩხურის სათავეს, რომელიც შთამბეჭდავი და საოცრად მისტიკურია.
„ლესხულუხე ჰესის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თანახმად, ფაქტობრივად გაქრება მდინარე წაჩხურა და მასში მობინადრე წითელ წიგნში შეტანილი წითელწინწკლებიანი კალმახი.
პროექტი სრულად შეცვლის სოფლის გარემოს, კლიმატს, ეკოსისტემას, ადგილობრივ ფლორას და ფაუნას. ბუნერივ გარემოზე ამ დოზით ჩარევა/ზემოქმედება, სამომავლოდ გამოიწვევს მეწყრულ პროცესებს, ღვარცოფებს, ეროზიებს, ქვათაცვენებს, ნიადაგის დაზიანებას, რაც სამომავლოდ მოსავლიანობისა და ბიომრავალფეროვნების შემცირების, წყლის რეჟიმის გაუარესების, მაღალი დამტვერიანების საწინდარი იქნება.
სამშენებლო საქმიანობის დაწყების პირველივე დღეებიდან დაბინძურდება ჰაერი და საზიანო ქიმიური ნარჩენების გარემოში მოხვედრა, უარყოფითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, მათი ყოველდღიური ცხოვრების ხარისხზე. გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხის შემცველი გახდება ჰესის მიმდებარე უბნებში ცხოვერებაც.
სალხინოს ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა ოჯალეში, რომლის მიკროზონაცაა ეს სოფელი. ჰესის მშენებლობის შედეგად, შეცვლილი გარემოს ფონზე, ყურძნის ეს ჯიში და მისგან დაყენებული ღვინო, ვერასდროს იქნება იმ გემოვნური თვისებების მქონე, რაც ახლა აქვს.
სალხინოს ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს. წაჩხურის ხეობის გაქრობით კი ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული ადგილი დაიკარგება, რომელიც განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება იყოს ბუნებრივი ლანდშაფტების, იდუმალი გარემოს, ლაშრობისა და კემპინგის მოყვარულებისთვის. სამომავლოდ, ეს ფაქტი სოფელს ვიზიტორებისთვის ნაკლებად მიმზიდველს გახდის.
საქართველოს კონსტიტუციის N29 მუხლის მე-3 პუნქტის თანამად, ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. ყველას აქვს უფლება დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ. ყველას აქვს უფლება ზრუნავდეს გარემოს დაცვაზე. გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება უზრუნველყოფილია კანონით.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება ჩვენი მდინარე, ჩვენი ხეობა, ჩვენი მომავალი.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ - არ დავუშვებთ პროექტის განხორციელებას. მოვითხოვთ:
- - შეწყდეს პროექტის შემდგომი განვითარება;
- - ჩატარდეს ობიექტური კვლევა ხეობის ტურისტული და ეკოლოგიური პოტენციალის შესახებ;
- - გათვალისწინებულ იქნეს ადგილობრივი მოსახლეობის პოზიცია, რომელიც აქ თაობებია ცხოვრობს და აპირებს ცხოვრებას;
ამ ყოველივეს გათვალისწინებით, ჩვენ, სალხინოს ადგილობრივი მოსახლეობა, ვითხოვთ:
- გაუქმდეს გარემოს ეროვნული სააგნტოს მიერ შპს „ლესხულუხეჰესის“ გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება;
- გაუქმდეს საქართველოს მთავრობის განკარგულება (N2052) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლესხულუხეჰესისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ;
- ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ არ გასცეს ნებართვა აღნიშნული ჰესის მშენებლობაზე;
- დაუყოვნებლივ შეჩერდეს „ლესხულუხეჰესის“ მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები;