6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნა
მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, გამოვხატავთ ჩვენს მკაფიო პოზიციას ინიციატივასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში უნდა აიკრძალოს 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების იმპორტი.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული რეგულაცია არ წარმოადგენს არც საცობების შემცირების ეფექტიან გზას და არც ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების პროპორციულ და სამართლიან საშუალებას.
იმპორტის ასაკობრივი შეზღუდვა არ ამცირებს უკვე მოძრავ ავტოპარკს და ვერ ქმნის გზებზე ავტომობილების რაოდენობის შემცირების მექანიზმს.
პრაქტიკაში ეს მხოლოდ ბაზარზე ფასების ზრდას გამოიწვევს და ვერ უზრუნველყოფს პრობლემის სისტემურ გადაწყვეტას.
ეკოლოგიური საკითხი და ევრო 5 სტანდარტი _ ევრო 5 სტანდარტი განსაზღვრავს გამონაბოლქვის რაოდენობრივ ნორმებს და არა ავტომობილის გამოშვების წელს.
არსებობს 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილები, რომლებიც აკმაყოფილებენ ეკოლოგიურ მოთხოვნებს, ისევე როგორც შედარებით ახალი ავტომობილები, რომლებიც რეალურ ექსპლუატაციაში ვერ აკმაყოფილებენ სტანდარტს. შესაბამისად, ასაკობრივი აკრძალვა არ წარმოადგენს ეკოლოგიური მიზნის მიღწევის ეფექტურ ინსტრუმენტს.
უფრო ეფექტური იქნება:
• ტექნიკური ინსპექტირების ხარისხის გამკაცრება
• რეალური გამონაბოლქვის კონტროლის მექანიზმების დანერგვა
• ეკოლოგიური კრიტერიუმების პირდაპირი გამოყენება ასაკობრივი შეზღუდვის ნაცვლად
სოციალური და ეკონომიკური შედეგები საქართველოში
მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სარგებლობს მეორადი ავტომობილებით მათი ფინანსური ხელმისაწვდომობის გამო.
ასაკობრივი აკრძალვა:
• მნიშვნელოვნად გაზრდის ავტომობილების საბაზრო ფასს
• დააზარალებს საშუალო და დაბალშემოსავლიან ოჯახებს
• უარყოფითად აისახება ავტოიმპორტის, ლოგისტიკისა და ავტოსერვისის სფეროში დასაქმებულ მოქალაქეებზე რეგულაცია, რომელიც მძიმე ეკონომიკურ ტვირთს აკისრებს მოქალაქეებს, უნდა იყოს მკაფიოდ დასაბუთებული და პროპორციული.
ჩვენი მოთხოვნებით მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას:
1. შეაჩერონ 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების იმპორტის აკრძალვის ინიციატივა;
2. წარმოადგინონ სრულყოფილი ანალიზი საცობებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ;
3. განიხილონ ალტერნატიული, ნაკლებად შემზღუდველი მექანიზმები;
4. უზრუნველყონ საკითხის ფართო საზოგადოებრივი განხილვა გადაწყვეტილების მიღებამდე.
პატივისცემით, საქართველოს ავტო იმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაცია
საქართველოს ავტო იმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაცია დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.