- თბილისის მერს
საქართველოს პარლამენტს
საქართველოს სახალხო დამცველს
საქართველოს პრემიერ მინისტრს
სურსათის ეროვნულ სააგენტოს
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვაცხადებთ ღრმა შეშფოთებას მიუსაფარი ძაღლების, მათ შორის ოფიციალურად მიკედლებული ძაღლების, გაუჩინარების გამო, რომელიც ხორციელდება „სტერილიზაციისა და ვაქცინაციის“ საბაბით. გამქრალია ტრასების გასწვრივ მცხოვრები ათასობით ძაღლი, რეგიონების მიუსაფრების დიდი ნაწილი, ასევე გამქრალია მინიმუმ ასობით ძაღლი თბილისში. ეს პრაქტიკა, რომელსაც სახელმწიფო სააგენტოები ახორციელებენ, არღვევს როგორც ცხოველთა კეთილდღეობას, ასევე მოქალაქეთა უფლებებს გამჭვირვალობასა და ჰუმანურ მოპყრობაზე.
მოქალაქეთა უფლებები ინფორმირებულობაზე და ცხოველთა უფლებები ჰუმანურ მოპყრობაზე დარღვეულია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო კონვენციებს (ევროპის კონვენცია შინაურ ცხოველებზე, OIE სტანდარტები, ტრომსოს კონვენცია, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია).
ეს მხოლოდ ტექნიკური საკითხი არ არის. ეს ასახავს სახელმწიფოს დამოკიდებულებას სიცოცხლის, საზოგადოებისადმი პასუხისმგებლობის მიმართ. ცხოველთა "გაუჩინარების" გზის არჩევა აქრობს იმედს, რომ საქართველო შეძლებს განვითარებას ჰუმანურობისა და თანაგრძნობის მიმართულებით.
მდგომარეობა
რამოდენიმე ათეული წლის განმავლობაში არსებულ მიუსაფარ ცხოველთა ჰიპერპოპულაციის პირობებში ქვეყანას არ შეუქმნია მდგრადი ინფრასტრუქტურა, რომელიც პრობლემას ნაბიჯ-ნაბიჯ გადაჭრიდა:
- ქვეყანას არ აქვს ერთიანი მონაცემთა ბაზები, რათა მიკვლევადი იყოს როგორც ძაღლები ასევე მათი პატრონები;
- ქვეყანაში, სადაც არსებობს 70 რაიონი და 300 000-ზე მეტი მიუსაფარი ცხოველი, სულ ექვსი თავშესაფარია აშენებული (ნაცვლად 70-140 თავშესაფრისა), რომლებიც სინამდვილეში წარმოადგენს დროებითი შეფარების ცენტრებს და არა ცხოველების ხანგრძლივად განთავსების სივრცეს;
- რაიონებს და სოფლებს არ ემსახურება მობილური კლინიკები;
- რაიონებს და სოფლებს არ ემსახურება ვეტერინარული კლინიკები, სადაც მოსახლეობა შეძლებდა ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციას და ვაქცინაციას;
- რაიონებს და სოფლებს არ ემსახურება მაღალკვალიფიციური ვეტერინარები.
შედეგად:
- ძაღლების 90%-ზე მეტი დაუჩიპავი და საჭდის გარეშეა, რაც მათ და მათ პატრონებს მიუკვლევადს ხდის. ეს კი თავის მხრივ, აადვილებს და წაახალისებს მიტოვებას, გამრავლებას და სისასტიკეს;
- სახეზეა საჭირო ინფრასტრუქტურის მწვავე უკმარისობა, რაც მხოლოდ ადმინისტრაციული უუნარობა არ არის — ეს არის პოლიტიკური არჩევანი: პრობლემის წაშლა ჰუმანური გადაწყვეტის ნაცვლად;
სახელმწიფოს რეაგირება
2025 წლიდან დაწყებული ქვეყანამ ძლიერ დაგვიანებით დაიწყო მოქმედება -ჯერ საპილოტე პროგრამის და შემდგომ მიმდინარე ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარლებში.
სამწუხაროდ, ნაცვლად ჰუმანური, ქვეყნის მასშტაბით СNVR (დაჭერა, სტერილიზაცია/კასტრაცია, ვაქცინაცია, დაბრუნება) პროგრამების საზოგადოების ჩართულობით ჩატარებისა, ქვეყანამ არჩია ათასობით ძაღლის გაუმჭირვალედ გაუჩინარება და არაღიარების პოლიტიკა:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო და სურსათის ეროვნული სააგენტო ძაღლებს იპარავენ გაფრთხილების გარეშე, ხშირად ღამით, ხოლო თავშესაფრები მოქალაქეებს არ აძლევენ ძაღლების მოძებნის უფლებას;
თვითმხილველები და ვიდეოკამერები ადასტურებენ ძაღლების ღამით დაჭერას;
საუბედუროდ, მოქალაქეებთან არ თანამშრომლობენ სამართალდამცავები და 100ობით საჩივარი უგულვებელყოფილი რჩება პოლიციის მიერ. არ მიმდინარეობს კამერების ჩანაწერების ამოღება და ცხოველების გაუჩინარებაში დამნაშავეების გამოაშკარავება;
ასევე, ადგილი აქვს გასტერილებული ცხოველების სიკვდილიანობას უხარისხოდ ჩატარებული ოპერაციების გამო. ამას აჟღერებენ დაზარალებული მეპატრონეები;
შედეგად:
2026 წლის იანვარში საქართველოში დაახლოებით 350,000 მიუსაფარი ძაღლი იყო. 2026 წლის ივლისისთვის მათი რაოდენობა სავარაუდოდ განახევრდა გაუმჭვირვალე გაუჩინარების პრაქტიკის გამო.
ასევე, საქართველომ მიიღო კანონმდებლობა, რომელიც რეალობას აცდენილია და კრიზისს აღმავებს. შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ საქართველოს კანონი, საკრებულოების დადგენილებები და ადმინსტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი შესაბამისი ცვლილებები, მიუხედავად ინფრასტრუქტურის მწვავე დეფიციტისა, მოქალაქეებს უზარმაზარ ჯარიმებს აკისრებს, უზღუდავს შეფარებული ცხოველების რაოდენობას მიუხედავად შესაძლებლობისა, რაც იწვევს და გამოიწვევს ძაღლების მიტოვებას. სოფლის მოსახლეობა საერთოდ აღარ აიყვანს ძაღლებს, ხოლო ქალაქებში მოქალაქეები, კონტროლისა და ჯარიმების ზეწოლის ქვეშ, ასევე მოიშორებენ მათ.
შედეგად მივიღებთ „სუფთა ქუჩებს“ არა ცნობიერების ამაღლებისა და პასუხისმგებლობის გზით, არამედ სიცოცხლის განადგურებით.
30 წელზე მეტი დროის განმავლობაში დაგროვებული პრობლემას 2 წლიანი ტენდერებით ვერ წაშლი. მას მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნით და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მრავალწლიანი პროგრამით გადაწყვეტ მხოლოდ.
სახელმწიფო სტრატეგია უნდა იყოს არა ცხოველების რიცხვის შემცირებაზე მიმართული არამედ ცხოველთა მეპატრონეობის ხარისხობრივ და რაოდენობრივ ზრდაზე, ასევე ინფრასტრუქტურის შექმნაზე.
მაგალითისთვის, ნიდერლანდებში ძაღლების ჰიპერპოპულაციის პრობლემა გადაწყდა არა განადგურებით, არამედ როგორც გამრავლების კონტროლით ასევე მეპატრონეების რაოდენობის გაზრდით — 600,000‑დან 3,000,000‑მდე — ცნობიერების ამაღლებისა და მეტისებისა და დიდი ზომის ძაღლების ოჯახებში მიღების გზით.
ჩვენ საქართველოს ცხოველთა მოყვარული მოქალაქეები მოვითხოვთ:
საერთაშორისო სტანდარტების (EU, OIE, ISO,WHO) მიხედვით აუცილებელი მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნას:
- ცენტრალიზებულ ერთიან მონაცემთა ბაზებს ანგარიშვალდებულებისთვის;
- მობილურ და რეგიონულ კლინიკებს ყველა რაიონში;
- სახელმწიფო დაფინანსებაზე აყვანილ მაღალკვალიფიციურ ვეტერინარებს, ვინაიდან ცხოველთა პოპულაციის მართვა კომერციული პროექტი არაა. ის ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებელი ქვაკუთხედია;
- სხვადასხვა ტიპის თავშესაფრებს ყველა რაიონში;
- კანონში მრავალფეროვანი თავშესაფრების და შემფარებელთა ქსელების გათვალისწინებას;
- განათლებასა და ცნობიერების ამაღლებას კულტურული ტრანსფორმაციისთვის;
- ცხოველთა პასუხისმგებლობიანი მეპატრონეობის დანერგვის მიზნით ჰუმანურ სამართლებრივ ჩარჩოებს და ახალი კანონპროექტის შექმნას.
ასევე, ჩვენ მოვუწოდებთ ზემოთ ჩამოთვლილ ორგანოებს:
- დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძაღლების შეტყობინების გარეშე გადაყვანა და გაუჩინარება;
- უზრუნველყონ გადაყვანა მხოლოდ სტერილიზაციის/კასტრაციის და დაბრუნების მიზნით, ცხოველთა მოყვარული საზოგადოების, ცხოველთა უფლებების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო სექტორის ჩართულობით და ზედამხედველობით;
- დაიწყონ მოქალაქეების მიერ დაფიქსირებული ცხოველთა გაუჩინარების შემთხვევების გამჭვირვალე გამოძიება;
- მიიღონ ახალი კანონი, რომელიც აგებული იქნება პასუხისმგებლობიანი მეპატრონეობის და ცნობიერების ამაღლების ალგორითმის გარშემო და არა რეპრესიული მიდგომის საფუძველზე;
- უზრუნველყონ უკვე მოქმედი ისეთი კანონების აღსრულება, რომლებიც იცავს როგორც ცხოველებს, ასევე მოქალაქეთა უფლებებს, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში.
და ბოლოს,
მიმდინარე პროცესები მხოლოდ ცხოველებს არ ეხება — ისინი სამართლიანობის, გამჭვირვალობის და ადამიანის ღირსების საკითხია. საქართველომ უნდა აირჩიოს ცნობიერება, თანაგრძნობა და პასუხისმგებლობა შიშისა და გაუჩინარების ნაცვლად. ჩვენ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ ქმედებას ჰუმანიზმისა და გამჭირვალეობის აღსადგენად.
ხელმოწერილია
სამართალი ცხოველებისთვის — თბილისი, საქართველო