გადაკეთებული მაყუჩის სუბიექტური შეფასების პრაქტიკის გაუქმება
ჩვენ ვეწინააღმდეგებით სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არსებულ პრაქტიკას, რომელიც ეფუძნება სუბიექტურ შეფასებებს და არა ობიექტურ, ერთიან ტექნიკურ სტანდარტებს.
დღეს საქართველოში ფიქსირდება საგანგაშო პრაქტიკა, რომლის ფარგლებში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები საკუთარი შეხედულებისამებრ აჩერებენ სატრანსპორტო საშუალებებს და ყოველგვარი სათანადო განმარტებისა და ობიექტური მტკიცებულების გარეშე ახდენენ მათ გადაყვანას სპეციალურ საჯარიმო სადგომზე, 10 დღიანი ვადით.
აღნიშნული ქმედებები ხშირად ეფუძნება მხოლოდ ვარაუდს, რომ სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის სისტემა არის „გადაკეთებული“ ან „არაქარხნული“, თუმცა არ ხდება არც შესაბამისი ტექნიკური შეფასება და არც სტანდარტიზებული პროცედურის გამოყენება, რაც დაადასტურებდა სამართალდარღვევის ფაქტს.
პრაქტიკაში ასევე შეინიშნება არათანმიმდევრული მიდგომა — ერთ შემთხვევაში გარკვეული გამონაბოლქვის სისტემა პრობლემად არ ითვლება (მაგალითად, თუ მასზე მითითებულია კონკრეტული ბრენდი), ხოლო სხვა შემთხვევაში მსგავსი ან იდენტური სისტემა ხდება სატრანსპორტო საშუალების დაკავების საფუძველი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სუბიექტურობას.
განსაკუთრებით პრობლემურია ის გარემოება, რომ იგნორირებულია დამოუკიდებელი და ავტორიტეტული ექსპერტიზის — ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს — დასკვნებიც კი. აღნიშნული დასკვნები წარმოადგენს სამართლებრივ პროცესში ფართოდ აღიარებულ და სანდო მტკიცებულებას, რომელსაც ჩვეულებრივ ეყრდნობა როგორც სახელმწიფო უწყებები, ისე სასამართლო. მიუხედავად ამისა, პრაქტიკაში ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც აღნიშნული ექსპერტიზის არსებობის პირობებშიც კი, სამართალდამცავი ორგანოები არ ითვალისწინებენ მის შედეგებს და მაინც ახორციელებენ სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევასა და საჯარიმო სადგომზე გადაყვანას.
ამასთან, ქვეყანაში არ არსებობს:
-
ტექნიკური შესაბამისობის შეფასების ერთიანი და სავალდებულო მეთოდიკა;
-
მკაფიოდ განსაზღვრული ტექნიკური სტანდარტები, რომლებიც ყველასთვის ერთნაირად იმუშავებს;
-
სამართლებრივად გამართული პროცედურა, რომელიც გამორიცხავს სუბიექტურ შეფასებებს.
ზემოაღნიშნული მდგომარეობა ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითად პრინციპებს, მათ შორის სამართლებრივი განსაზღვრულობის, თანასწორობისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების ვალდებულებას.
ამ პრობლემის გადასაჭრელად, ვითხოვთ:
- დაჯარიმებისა და სატრანსპორტო საშუალების დაკავების დაშვებას მხოლოდ ობიექტური შეფასების საფუძველზე;
-
სატრანსპორტო საშუალების საჯარიმო სადგომზე გადაყვანის აკრძალვას მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ გამონაბოლქვის სისტემა არ არის ქარხნული, თუ არ არის დადასტურებული ნორმების დარღვევა;
-
ქარხნული და არაქარხნული (aftermarket) კომპონენტების ლეგალურად აღიარებას, იმ შემთხვევაში თუ ისინი აკმაყოფილებენ დადგენილ ტექნიკურ მოთხოვნებს;
-
სუბიექტური შეფასების პრაქტიკის სრულ გაუქმებას;
-
ექსპერტიზის, მათ შორის ლევან სამხარაულის სახელობის ბიუროს დასკვნების სავალდებულო გათვალისწინებას.
ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით საზოგადოებრივ წესრიგსა და სიმშვიდეს. პირიქით — ვითხოვთ სამართლიან, გამჭვირვალე და ობიექტურ რეგულაციას, რომელიც დაიცავს როგორც მოქალაქეთა უფლებებს, ისე საზოგადოებრივ ინტერესს და გამორიცხავს თვითნებურ და უსამართლო პრაქტიკას.
კანონი უნდა ეფუძნებოდეს ფაქტებს და არა ვარაუდებს.
გიორგი მიხანაშვილი დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.