თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტილინგვური განათლების პროგრამის შენარჩუნების მოთხოვნა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ბატონ გივი მიქანაძეს
ასლი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ჯაბა სამუშიას საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს
მოგმართავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) „მულტილინგვური განათლების“ პროგრამის შენარჩუნების მოთხოვნით.
მიგვაჩნია, რომ დაანონსებული ცვლილებები და პროგრამების გაუქმება აზიანებს როგორც სტუდენტთა უფლებებს, ისე სახელმწიფო ინტერესებს შემდეგი გარემოებების გამო:
სამართლებრივი ნდობისა და განათლების უფლების დარღვევა ადმინისტრაციული დაპირება: „1+4“პროგრამაზე ჩარიცხულმა სტუდენტებმა სახელმწიფოსგან მიიღეს ოფიციალური პირობა, რომ ენის კურსის დასრულების შემდეგ მათ დახვდებოდათ არჩეული პროგრამა (რომელზეც დიდი მოთხოვნაა). პროგრამის გაუქმება ამ დაპირების ცალმხრივი დარღვევაა.
მობილობის სტუდენტთა ქეისი: 2025 წელს მობილობით გადმოსული სტუდენტებისთვის პროგრამის გაუქმება ნიშნავს სწავლის დასრულების ფიზიკურ შეუძლებლობას, რადგან უნივერსიტეტი ვეღარ გამოაცხადებს აუცილებელ სასწავლო კომპონენტებს.
სამოქალაქო ინტეგრაცია და სახელმწიფო ინტერესები უნიკალური პროფილი: თსუ-ს მულტილინგვური პროგრამა ერთადერთია საქართველოში, რომელიც მიზნობრივად ამზადებს ორენოვან კადრებს არაქართულენოვანი სკოლებისთვის. მისი გაუქმება პირდაპირ ეწინააღმდეგება სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის დარგში სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2021-2030 წლების სტრატეგიებს.
ბილინგვური რეფორმის საფრთხე: პროგრამის გარეშე ჩავარდება სამინისტროს მიერ ინიცირებული „ბილინგვური სწავლების პროექტი“, რომელიც დღეს უკვე 200-ზე მეტ სკოლას მოიცავს.
აკადემიური ხარისხი და დემოგრაფიული კრიზისი ინსტიტუციური გამოცდილება: თსუ 2009 წლიდან წარმატებით ახორციელებს ამ პროგრამებს; კურსდამთავრებულთა თითქმის 100% დასაქმებულია. „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის“ პრინციპი ამ შემთხვევაში არ ირღვევა, რადგან ეს არის უნიკალური პროგრამა და მხოლოდ თსუ-ში ხორციელდება.
სისტემური დეფიციტი: საქართველოში მასწავლებელთა საშუალო ასაკი 50.4 წელია. ამ ფონზე, მულტილინგვური განათლება - მასწავლებელთა მომზადების 300-კრედიტიანი პროგრამის საერთოდ გაუქმება გამოიწვევს პროფესიული კადრების დეფიციტს.
მოთხოვნა: გამონაკლისის სახით, თსუ-ს მიეცეს მასწავლებლის მომზადების პროგრამების გაგრძელების უფლება, მისი 107-წლიანი მისიისა და უნიკალური რესურსის გათვალისწინებით. მინიმუმ ერთი აკადემიური წლით (+1 წელი) გახანგრძლივდეს მიღება, რათა „1+4“ კურსზე მყოფმა სტუდენტებმა შეძლონ არჩეულ პროგრამაზე სწავლა. ამასთან, გადაიხედოს ამ პროგრამის გაუქმებისა და მილევად რეჟიმში გადასვლის საკითხი და მოიძებნოს ოპტიმალური გზა პროიბლემის გადასაჭრელად. გამოცხადდეს ყველა აუცილებელი კურსი ინდივიდუალური გეგმისა და მობილობის მქონე სტუდენტებისთვის პროგრამის დასასრულებლად.
პატივისცემით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტილინგვური განათლების პროგრამის სტუდენტები და ქართულ ენაში მომზადების სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარები
დანართი: ხელმომწერ სტუდენტთა სია.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტილინგვური განათლების პროგრამის სტუდენტები და ქართულ ენაში მომზადების სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარები დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.