„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში გარდამავალი დებულების (საგამონაკლისო წესის) შენარჩუნება 2027/2028 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია 31.12.2027 წლის ჩათვლით.
ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი მოქალაქეები, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს და მოვითხოვთ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი გარდამავალი დებულების შენარჩუნებას, რომელიც 2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობას მისცემს 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებს.
პეტიციის დასაბუთება და არგუმენტაცია
საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია განათლების უფლება, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებს. განათლების სისტემაში დაშვებული ნებისმიერი რეგულაცია უნდა ემსახურებოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და არ უნდა ქმნიდეს ხელოვნურ ბარიერებს, რომლებიც შესაძლოა სოციალური უთანასწორობის საფუძველი გახდეს.
- სოციალური უთანასწორობის დაუშვებლობა: ამჟამად არსებული პრაქტიკით, ქვეყანაში ფუნქციონირებს კერძო და საერთაშორისო სკოლები, სადაც სწავლის საფასური შესაძლოა ათობით ათას დოლარს შეადგენდეს. აღნიშნულ დაწესებულებებში ბავშვის სასკოლო მზაობას აფასებენ სპეციალისტები და მატერიალური რესურსის მქონე ოჯახებს აქვთ შესაძლებლობა, დაარეგისტრირონ შვილი სკოლაში, განურჩევლად მათი დაბადების თარიღისა (კონკრეტული სკოლის შიდა რეგულაციების შესაბამისად). სახელმწიფო სექტორში აღნიშნული „საგამონაკლისო წესის“ გაუქმება აშკარა სოციალურ უთანასწორობას ქმნის: განათლების უფლება ხდება დამოკიდებული ოჯახის ფინანსურ შესაძლებლობაზე, რაც ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს.
- ბავშვის უფლებათა უპირატესობა: ბავშვის სასკოლო მზაობა არის ინდივიდუალური პროცესი და არა ფორმალური, კალენდარული თარიღით განსაზღვრული მოცემულობა. სახელმწიფოს მიერ დადგენილი რეგულაცია უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ემოციურ-ფსიქოლოგიურ და აკადემიურ მზაობას და არა ბიუროკრატიულ შეზღუდვებს, რომლებიც 9 ან 10 დღის სხვაობის გამო ბავშვს სრულფასოვანი სწავლის უფლებას უზღუდავს.
- განვითარების უწყვეტობა: აღნიშნული ასაკის ბავშვები უკვე ჩართულნი არიან წინასასკოლო მომზადების პროგრამებში. მათი იძულებითი დატოვება სკოლამდელი აღზრდის ეტაპზე, იმ პირობებში, როცა მათ გააჩნიათ საჭირო კომპეტენციები, იწვევს ფსიქოემოციურ სტრესს, მოტივაციის დაქვეითებას და განათლების უწყვეტობის დარღვევას.