პეტიცია 2026 წლის №412 განკარგულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის გაუქმების მოთხოვნით.
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები და ცხოველთა დაცვის მხარდამჭერები, მოვითხოვთ გადაიხედოს 2026 წლის №412 განკარგულება და დაუყოვნებლივ ამოღებულ იქნას მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი, რომელიც პრაქტიკაში ქმნის მიუსაფარი ცხოველების დევნისა და განდევნის საფუძველს.
აღნიშნული პუნქტი კრძალავს სტერილიზებული და ვაქცინირებული ქუჩის ცხოველების ბინადრობას სხვადასხვა საჯარო სივრცესთან, რაც რეალურად შეუძლებელ პირობებში აყენებს ცხოველებს. ქუჩაში მცხოვრებ ცხოველს ვერავინ აუხსნის, სად შეიძლება ყოფნა და სად – არა.
ეს ნორმა იწვევს:
ცხოველების მუდმივ გადაყვანას და დევნას ერთი ადგილიდან მეორეზე;
მათ ტანჯვას, შიმშილს და სიცოცხლის საფრთხეს;
ჰუმანური მართვის პრინციპების დარღვევას;
ცხოველთა დამცველებისა და საზოგადოების პროტესტს.
მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარება არ შეიძლება აკრძალვებითა და განდევნით. მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეფექტური გზაა მხოლოდ სტერილიზაცია, ვაქცინაცია და ადგილზე დაბრუნების პროგრამა.
ამიტომ მოვითხოვთ:
2026 წლის №412 განკარგულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის გაუქმებას;
ჰუმანური და სამედიცინო მეთოდებით მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვას;
ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებთან და აქტივისტებთან თანამშრომლობას.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ მიიღოს ისეთი რეგულაციები, რომლებიც პრაქტიკაში მიუსაფარი ცხოველების წინააღმდეგ სასტიკ პოლიტიკად გადაიქცევა.
ცხოველების დაცვა ჰუმანური საზოგადოების ნიშანია.
ხელმომწერები:
საქართველოს მოქალაქეები და ცხოველთა დამცველები
სალომე ჭიბოშვილი დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.